ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერედვი-წვერიახოს ტყეს ცეცხლი უკიდია
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ერედვი-წვერიახოს ტყეს ცეცხლი უკიდია.
აღნიშნულ ინფორმაციას, ვიდეო-და ფოტო მასალით, საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ერგნეთში მცხოვრები გიორგი კასრაძე ავრცელებს.
“აქედან ჩანს დაკვამლიანება. ისიც კარგად ჩანს, რომ არანაირი შესაბამისი ზომების მიღება, ცეცხლის დროულად ჩასაქრობად, მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან არ ხდება. ესაა ერედვი- წვერიახოს ტყის საფარი, რომელიც მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონაა. შარშანაც იყო ფაქტი ტყის მასივებზე ხანძრის გაჩენისა და ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი. საოკუპაციო რეჟიმის თითოეული უკანონო ქმედება დროულად უნდა იყოს გასაჯაროვებული. ეს ტყე დიდ და პატარა ლიახვის ხეობებს ყოფს და არც ისაა გამორიცხული, რუსი ოკუპანტების სწავლებიდან იყოს გამოწვეული, რომლებსაც სროლები ე.წ ძარწემის სასროლეთზე აქვთ ხოლმე”, – განაცხადა გიორგი კასრაძემ.
როგორც “რეგიონულ კვირას” გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს არ ფიქსირდება. ცეცხლის კერები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება.