ნიკო ფიროსმანის „სააღდგომო ბატკანი“ მესაკუთრეს დაუბრუნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მფლობელობიდან გამოითხოვება და მოსარჩელე ნ. ა.-ს გადაეცემა.

„საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მამამ დ.ა.-მ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და წარდგენილ ნიმუშზე ნიკო ფიროსმანაშვილის „სააღდგომო ბატკანი“, შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. სამინისტროში წარდგენილ ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მ.შ.-ს მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ „სააღდგომო ბატკანი“ არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე და ბრალი წარედგინა, როგორც დ.ა.-ს (მოსარჩელის მამა) ასევე, ანტიკვარული სალონის დირექტორს მ.შ.-ს. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, კი ფერწერული სურათი „ბატკანი“ სავარაუდოდ ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მ. შ.-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ფიროსმანის სურათი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი მ.შ.-ს უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტების საფუძველზე, გააუქმა 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. სისხლის სამართლის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლომ სარჩელის განხილვისას, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები