მამუკა მდინარაძე: დაცვა როგორც მოეხსნება გიორგი მარგველაშვილს, ისე მოიხსნის ირაკლი კობახიძეც შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მისთვის დაცვის მოხსნა “გზააბნეული „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებად შეაფასა.
მდინარაძის თქმით, რეგულაცია არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ეხება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრსაც.
„როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ამ რეგულაციას მაშინ დაუჭირა მხარი. ერთი წლის გასვლის შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძე დაცვის ობიექტი არ იქნება, მოიხსნის ამ პრივილეგიას, თუ დაცვის ერთგვარ გარანტიას. თუ რამე განსაკუთრებული საფრთხე არ არის კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც დაცვას ექვემდებარება; თუ თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დაცვის საკითხი შეფასების საგანი არ გახდა, მას დაცვა არ უნდა ჰყავდეს, საქართველოში არის ის დრო. თავის დროზე, ეს საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა და ამისი ცალკე პიარსვლად გამოყენება სწორი არ არის.
თუ სჭირდება დაცვა, შესაბამისი რეგულაცია არსებობს. თუ არ სჭირდება, ეს რეგულაცია მხოლოდ მარგველაშვილსა და პრეზიდენტზე არ გავრცელებულა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეების მიმართაც იგივე რეგულაცია იქნება. ამ ხალხს არ უწუწუნია და სხვებიც ნუ იწუწუნებენ. როგორ შეიძლება, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს ვინმეს წინააღმდეგ კანონის დათქმა, რომელიც ყველამ ერთხმად აღიარა, რომ არის ჩვეულებრივი დემოკრატიული და ბუნებრივი ამბავი. დაცვა როგორც მოეხსნება გიორგი მარგველაშვილს, ისე მოიხსნის ირაკლი კობახიძეც შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ. ანუ რა გამოდის, კობახიძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მარგველაშვილზე მიიღო და ამას თავისი თავიც მოაყოლა? ალბათ, არასერიოზული განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა დღეს “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისთვის დაცვის გაუქმება ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს.