გიორგი ცუცქირიძე: ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის თავისებური ინდიკატორია
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ვალუტის, ლარის გამყარების ბოლოდროინდელ ტენდენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ცუცქირიძის შეფასებით, ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის თავისებური ინდიკატორია.
„ლარის გამყარებაზე პოზიტიურად აისახა ფუნდამენტრური ეკონომიკური ფაქტორები. 2020 წლის იანვარში, ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე- 12.4 პროცენტით.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კვლავ მზარდია მომსახურების ექსპორტიდან და პირველ რიგში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც გასული წლის მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, მიუხედავად ამ სექტორში გასულ წელს არსებული გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ ფრენების დროებით შეზღუდვის შედეგად შეიქმნა; წლის დასაწყისისათვის ტურიზმიდან შემოსავლების სარეკორდო 17.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 193.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა;
ლარის გამყარება და სტაბილიზაცია რეალურად გასული წლის ბოლოდან დაიწყო. კურსზე პოზიტიურად აისახა როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე დაფიქსირდა. რაც მთავარია, წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, სავაჭრო დეფიციტი ანუ ქვეყნიდან უცხოური ვალუტისბ გადინება თითქმის ნახევარი მილიარდით(489.0 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უზრუნველყოფს როგორც მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე“,- წერს ცუცქირიძე.
მისივე განმარტებით, სავალუტო კურსზე გარდა ფუნდამენტური ფაქტორებისა, პოზიტიურად აისახა მონეტარული პოლიტიკაც.
„სექტემბრიდან გაზრდილი მონეტარული განაკვეთი, რომელიც 2.5 %-ით გაიზარდა 9 % მდე, არის რა როგორც ინფლაციის შემაკავაებელი ფაქტორი, ასევე პოზიტიურად ზემოქმედებს სავალუტო კურსზე. კერძოდ, გაძვირებული რეფინანსირების სესხები ნაკლებად მიმზიდველი გახდა კომერციული ბანკებისათვის, რამაც უკვე თებერვალში მნიშვნელოვნად შეამცირა მასზე მოთხოვნა. თუ იანვრის მეორე ნახევარში რეფინანსირების მოცულობა 2. 4 მლრდ ლარამდე იყო გაზრდილია, თებერვლის ბოლოსათვის მისი მაჩვენებელი შემცირებულია 1. 7 მლრდ ლარამდე ანუ მთელი 700 მილიონი ლარით, რაც კურსზე აისახა დადებითად. გარდა ამისა, მონეტარული განაკვეთის ზრდა მიმზიდველი გახადა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არარეზიდენტი პირებისათვის, რაც დოლარის მიწოდების კიდევ ერთი ფაქტორი გახდა. დოლარის მიწოდების სტიმულირების თვალსაზრისით აბსოლიტურად გამართლებული იყო ოქტომბერში სებ-ის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის 5 %-ით შემცირებაც, 30 % დან 25 %-მდე, რამაც დამატებით 700 მილიონი ლარის ექვივალენტის სადოლარე მასის ბაზარზე გამოსვლას შეუწყო ხელი. რა დასამალია, გასულ წლებში სებ-ი ლარის გამყარებისას ახორციელებდა ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის შესყიდვით, რაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რეზერვების შესავსებად იყენებდა. კარგია, რომ ამჯერად კურსი მიდის ბუნებრივი კორექტირების მიმართულებით“,- წერს წუცქირიძე.
მისივე თქმით, ცალკე უნდა აღინიშნოს მთავრობის მეტად აქტიური მარკეტინგული პოლიტიკა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით, რამაც რუსული მიმართულების ეფექტურად ჩანაცვლებას შეუწყო ხელი. 100 საინვესტიციო შთავაზება ბიზნეს ასევე იყო ძალზე კარგი გადაწყვეტილება, რამაც დანმატებით ასეული მილიონობით უცხოური ვალუტა მოიზიდა ქვეყნის ეკონომიკაში.
„ზოგადად რომ შევაფასოთ ლარის გამყარება, იგი შედეგია მთავრობის და ეროვნული ბანკის გაუმჯობესებული კოორდინირებული საქმიანობისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშებიც ხაზს უსვამს ქვეყანაში მაკროეკონომიკურ მდგარდობას და საინვესტიციო მიმზიდველობას. რაც მთავარია, სწორ სამთავრობო სტრატეგიას და მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში უახლოეს წლებში;
ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა (მშპ) მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 5.1%-ით) და ხუთ წელიწადში ზრდა 28 პროცენტს გადააჭარბებს
სავალუტო ფონდის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მომავალ ხუთ წელიწადში თითქმის 42 პროცენტით გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 7.2%-ით), 2024 წელს გადააჭარბებს 64 მილიარდ დოლარს და მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე 16 915 დოლარს გაუტოლდება“-, წერს ქუცქირიძე სოციალურ ქსელში.