დავით ჩიხელიძე: „მეგობარი აქტი“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში თავიდანვე აღიქმებოდა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს – ქვეყნის წინააღმდეგ ინიციირებული ყველა რეზოლუცია, თუ დოკუმენტი ხმაურით იწყება, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია – კრახი და გაუფერულება
“მეგობარი აქტი“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში თავიდანვე აღიქმებოდა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. სენატი მას არ მიიღებს – ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა კონგრესმენმა სტივ კოენმა,” – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის განცხადებით, სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ არ მიღებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ინიიცირებული ნებისმიერი რეზოლუცია, თუ დოკუმენტი იწყება ხმაურით, მაგრამ სრულდება კრახით.
„მეგობარი აქტი“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში თავიდანვე აღიქმებოდა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. სენატი მას არ მიიღებს – ეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა კონგრესმენმა სტივ კოენმა.
ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა რეალურად ბევრად უფრო ღრმა პოლიტიკური შინაარსი აქვს. პირველ რიგში, ნათლად ჩანს, რომ ამერიკის საკანონმდებლო სივრცეშიც კი, სადაც საქართველოს საკითხი ხშირად განიხილება, არ არსებობდა საკმარისი პოლიტიკური ნება და არგუმენტები იმისთვის, რომ ასეთი ხისტი და დისკრიმინაციული დოკუმენტი მიიღონ.
ქართული ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ აქტს ხედავდნენ, როგორც „ძალადობის ინსტრუმენტს“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ზომები პირდაპირ პოლიტიკური ცვლილებების ტრიგერი გახდებოდა თბილისში. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის რიტორიკაში „მეგობარი აქტი“ დიდი დატვირთვის მატარებელი იყო, „პოლიტიკური ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც ერთ ღამეში შეცვლიდა სიტუაციას საქართველოში. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, რეალობამ სრულიად სხვა სურათი აჩვენა. აშშ-ს პოლიტიკური სისტემა არც ისე ადვილად იღებს რეზოლუციებს, მით უმეტეს ისეთებს, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოს პირდაპირ კონფრონტაციაში აყენებს. საბოლოო ჯამში, „მეგობარი აქტი“ ოპოზიციისთვის მორიგ მარცხად იქცა, ხოლო საქართველოსთვის – პოლიტიკურ გამარჯვებად.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ტენდენცია: ქვეყნის წინააღმდეგ ინიციირებული ყველა რეზოლუცია თუ დოკუმენტი ხმაურით იწყება, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია – კრახი და გაუფერულება. ფაქტობრივად, ეს უკვე „სტანდარტად“ იქცა: რაც უფრო დიდია ოპოზიციის მოლოდინი და ენჯეოების მობილიზაცია, მით უფრო დიდი და მტკივნეულია მათი იმედგაცრუება.
შედეგი ნათელია – ოპოზიციის მიერ დაფინანსებული და უცხოური ლობისტური ჯგუფებით გაძლიერებული პროცესი კრახით დასრულდა, ხოლო საქართველო, რომელიც ამ ბრძოლაში მუდმივად თავდაცვით პოზიციაშია, საბოლოოდ გამარჯვებულის პოზიციაზე დადგა“,- წერს დავით ჩიხელიძე.