ამირან გამყრელიძე: არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ, ყველას ვთხოვ, მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში არ მოხვდნენ.
გამყრელიძე თხოვნით მიმართავს ყველას, ვინც ქვეყანაში ბრუნდება, საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ. ეს პირველ რიგში არის მათთვის, ასევე როდესაც გადაგვყავს ისინი კარანტინში ან თვითიზოლაციაში, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვიცავთ და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას.
განსაკუთრებული აქცენტი დღეს კეთდება იტალიაზე, მინდა, მივმართო დაბრუნებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები, რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, დააფიქსირონ ეს და ისინი იქნებიან გადაყვანილი კარანტინში. კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნა არის სერიოზული ჰუმანური აქტი, რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. ყველა ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარული, რომ მინუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.