დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია (ფოტო)

0

აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს. ასევე, მემორიალს ესტუმრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, მილი მეჯლისის დეპუტატები, მინისტრები, კომიტეტების ხელმძღვანელები, დიპკორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელები და  ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი მიტინგები ჩატარდება, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა ხოჯალისთვის“.

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. ქალაქის შტურმს საარტილერიო ქვემეხებიდან, მძიმე სამხედრო ტექნიკიდან მასშტაბური სროლა უძღოდა წინ, რომელიც ჯერ კიდევ 25 თებერვალს, საღამოს დაიწყო. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 თებერვლის დილის 5 საათისთვის მთელი ქალაქი ალში მოაქცია. ხოჯალიში დარჩენილმა მოსახლეობამ, დაახლოებით 2500 ადამიანმა, გადარჩენის იმედით, უახლოეს დასახლებულ პუნქტს, აგდამს მიაშურა. თუმცა, სომხური ფორმირებები მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 კი – ერთი.

2018 წელს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქალაქ ხოჯალის ოკუპაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს 170 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა“.

28 თებერვალს ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, ორი ვერტმფრენით, ტრაგედიის ადგილამდე მიღწევა მოახერხა. ხოჯალის მსხვერპლთა ფოტოებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, მთელი მსოფლიო მოიარა.

1 მარტს ადგილზე უცხოელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. მსოფლიო მედია შოკისმომგვრელ სურათზე წერდა. ტერიტორია დასახიჩრებული ცხედრებით იყო სავსე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოკლულებს სკალპირება ჩაუტარეს, ყირები, კიდურები მოკვეთეს, თვალები და სხვა ორგანოები ამოაჭრეს. ცხედრების ნაწილი მძიმე ტექნიკით იყო გაჭყლეტილი, ან დამწვარი.

ცნობისთვის, 1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ჰოჯალის გენოციდის და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები.

ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალები ბაქოში და სხვა ქალაქებშია აღმართული. „დედის ყვირილი“ („Ana harayı“) აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხათაის რაიონში დგას.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი