ფლორიდაში აეროპორტს დონალდ ტრამპის სახელს მიანიჭებენ
აშშ-ის ფლორიდის შტატში პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევენ.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც აეროპორტს „პრეზიდენტ დონალდ ჯეი ტრამპის საერთაშორისო აეროპორტი“ ეწოდება.
მედიის ინფორმაციით, სახელის ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა, თუმცა პროცესში ასევე ჩართულია აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია.
პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტი ტრამპის რეზიდენცია „მარ-ა-ლაგოსთან“ ახლოს მდებარეობს და მას ხშირად იყენებდნენ მისი მგზავრობებისთვის.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრამპის სახელი მშვიდობის ინსტიტუტს და მემორიალურ ცენტრს მიანიჭა.