გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილე მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“ძალიან მიხარია, რომ დღეს მოხვედით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში და დაინტერესებული ხართ ჩვენი სამინისტროს საქმიანობით და გარემოსდაცვითი საკითხებით. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია გარემოს დაცვაა. დამეთამხმებით, რომ ჩვენს ქვეყანას ლამაზი ბუნება აქვს, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. სკოლის მოსწავლეებისთვის გვაქვს არაერთი კონკურსი და პრორქტი. წელს გამოვაცხადეთ მიღება ეკოლიდერთა სკოლაში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, გაიგოთ მეტი გარემოს დაცვის შესახებ და შეხვდეთ დარგის სპეციალისტებს. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი სპეციალისტების ყოლა, ეს სფერო დღითიდღე პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და იმედი გვაქვს უფრო მეტი ისწავლის ამ მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს კარები არის ღია ყველა მოსწავლისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებით”, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ჩაუტარდათ ლექცია თემაზე “მდგრადი განვითარება”, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ წყლის, ნიადაგის, ჰაერის სინჯების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების დამუშავების პროცესი ენახათ. გარდაბნის სკოლის მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს ღვინის მუზეუმი, უძველესი მარანი და ენოთეკა, სადაც სხვადასხვა სახეობის 25 000 ბოთლი ღვინო ინახება, მათ შორის, უნიკალური ქართული ჯიშის ღვინოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები