რუსეთის ფედერაციის ინტერესები ლიბიაში – დაყავი და იბატონე
რუსეთის ფედერაციის მიერ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა სიახლეს არ წარმოადგენს. პოლიტიკური ტექნოლოგია, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი და კრემლთან დაახლოებული პირები იყენებენ, მრავალ ბერკეტს მოიცავს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ღია სამხედრო აგრესია, უკანონო დაჯგუფებების სამხედრო-პოლიტიკური დახმარება, პოლიტიკური ზეწოლა, პროპაგანდა/პიარ-ტექნიკა, გავლენის აგენტების დახმარებით, რუსეთისადმი ლოიალური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და არჩევნებში ჩარევა.
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით, რუსეთი სამიზნედ ირჩევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის აქტუალურია. შერჩევითობის პრინციპი მეტწილად დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მის რესურსებსა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.
ამ მიმართულებით საინტერესოა ლიბიის მაგალითის განხილვა, სადაც რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი – გეოპოლიტიკა, რეგიონის ძალთა თანაფარდობა და რა თქმა უნდა ნავთობი. ცხადია ფაქტორთა ამგვარი ერთობლიობა ინტერესის საგანია რუსეთის ფედერაციისათვის.
2011 წელს ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისკენ არ წასულა. მიმდინარე მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ხელახლა განვითარებული სამოქალაქო ომი, რომელიც 6 წელია მიმდინარეობს, სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. ადგილობრივი ძალები – ლიბიის ეროვნული არმია (LNA) და მასთან დაპირისპირებული ეროვნული თანხმობის მთავრობა (GNA) ძალაუფლების მოპოვებისათვის იბრძვიან. საგულისხმოა, რომ რუსეთის ლიბიური გამბიტი ორივე მხარის მხარდაჭერას მოიცავს – ერთი მხრივ, ის შეიარაღებით და დაქირავებული არმიით ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურს ხალიფა ჰაფთარს ასაზრდოებს, ხოლო მეორე მხრივ, მის ოპონენტთან მოლაპარაკებისთვის ღიაა. ამ სიტუციაში, განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ უკანასკნელ პერიოდში, კრემლის მიერ ფარული მეთოდებით მოამარ კადაფის შვილის საიფ ალ-კადაფის მხარდაჭერა სულ უფრო თვალშისაცემი ხდება.
2018 წლის ზაფხულში, აფრიკის კონტინენტის რესურსებით დაინტერესება უკვე ნათლად შეიმჩნეოდა პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებში, სადაც ის არ მალავდა თავის გეგმებს „რუსეთ-აფრიკის“ ურთიერთობების გაძლიერების შესახებ. მიზნის სისრულეში მოსაყვანად, რუსული ფარული პოლიტიკური პლატფორმა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“ (IRA) ჩაერთო, რომლის წარმომადგენლები ლიბიაში თავს საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტებად ასაღებდნენ, ხოლო რეალურად მათი მომსახურების პაკეტი პოლიტიკურ რჩევებსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოიცავდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარდაჭერა საიფ ალ-კადაფის მიმართ სწორედ ამ მეთოდებით ხორციელდებოდა, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ რა დირექტივებით ხელმძღვანელობდა ფარული რუსული ორგანიზაცია.
2019 წლის გაზაფხულზე, ლიბიელმა სამართალდამცავებმა რუსი პოლიტტექნოლოგი მაქსიმ შუგალეი და მისი თარჯიმანი სამერ ჰასან ალი სუეიფანი, ტრიპოლში არეულობისა და სამოქალაქო ომის პროვოცირების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ისინი რუსული, ფარული, პოლიტიკური პლატფორმა „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ თანამშრომლები იყვნენ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მთელს მსოფლიოში რუსული „ტროლების ფაბრიკად“ არის ცნობილი და „პუტინის მზარეულად“ წოდებულ ევგენი პრიგოჟინის დაფინანსებით მუშაობს. „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“ რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს – კრემლისთვის ხელსაყრელი ნარატივების შემუშავება, სადაც ხდება პუტინის პოლიტიკის და მისი ფიგურის პოპულარიზაცია, უკრაინის „დაბრუნებაზე“ შესაბამისი გზავნილების გაჟღერება, პროპაგანდა რუსეთის ძლევამოსილებაზე, რუსეთის საპირწონედ დასავლური ქვეყნების დაღდასმა, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და სხვა.
დასავლური მედიის ცნობით, პრიგოჟინი მჭიდრო კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან, რაც ერთგვარი ტენდენციაა ყველა რუსი ოლიგარქისთვის. პრიგოჟინის სახელს უკავშირდება კერძო სამხედრო კომპანიის „Wagner“-ის შექმნაც, რომლის ხელმძღვანელობაც მან „გრუ“-ს ყოფილ თანამშრომელს დიმიტრი უტკინს გადააბარა. სწორედ ამ კომპანიის სამხედროები იბრძვიან ლიბიის ეროვნული არმიის მხარეს. ეს „მწვანე კაცუნები“ ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
თავის დროზე, ლიბიაში დაკავებული შუგალეი რუსეთისათვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ, აქტიურად, თუმცა უშედეგოდ, იყო ჩართული მადაგასკარის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. პროფესიით ის ექიმია, თუმცა თავისი საქმიანობით პროპაგანდისა და ყალბი ამბების ინტერნეტ „ქარხნის“ შექმნაზე იყო ორიენტირებული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2019 წელს სოციალურმა ქსელ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ასობით ის ანგარიში დაბლოკა, რომელიც აფრიკის სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენას ახდენდა. ყალბ ანგარიშებს აფრიკის 8 ქვეყანაში დაახლოებით ერთ მილიონიან აუდიტორიაზე ჰქონდათ წვდომა და ისინი მაგადასკარის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, მოზამბიკის, კონგოს, კოტ-დიუვარის, კამერუნის, სუდანისა და ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისთვის გამოიყენებოდნენ.
აღნიშნული მაგალითები ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი ტექნოლოგიით ცდილობს რუსეთის ფედერაცია თავისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას. ლიბიის შემთხვევა ძალზე წააგავს კრემლის მიერ მონტენეგროს მთავრობის გადაყენების მცდელობას 2016 წელს, ასევე იმ დესტრუქციულ ნაბიჯებს, რომლებიც პრეპსას ხელშეკრულების ხელის შეშლას ისახავდა მიზნად; ამ ხელშეკრულების დადების შედეგად, მაკედონიამ და საბერძნეთმა ხანგრძლივი უთანხმოება მოაგვარეს და მაკედონიის სახელი ჩრდილოეთ მაკედონიით შეიცვალა, რათა არ შეფერხებულიყო ნატო-ში მისი გაწევრიანების პროცესის დაწყება.
მუდმივი არასტაბილურობა და კონფლიქტები რუსეთისთვის ხელსაყრელია, რადგან რუსულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ რესურსების მოპოვებაზე. სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენების ხელში ჩაგდება, ცხადია რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სწორედ ასე ექმნება რუსულ კერძო სამხედრო კომპანიებს დასაქმების მუდმივი საჭიროება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ჰაფთარისთვის ღია სამხედრო დახმარება სწორედ ნავთობსადენების ხელში ჩაგდებას ემსახურება.
ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, რუსეთს საკმაოდ ადარდებს ევროკავშირის მიერ მასზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციები და ლიბიის საკითხს მოლაპარაკებათა პროცესში სავაჭრო საგნად იყენებს. აქედან გამომდინარე, მის ინტერესებში სულაც არ შედის სტაბილური ლიბია – რაც მეტად გაჭიანურდება კონფლიქტის მოგვარებისთვის შეთანხმების მიღწევა, ევროკაშირის მხრიდან დათმობების მისაღებად კრემლს მით უფრო მეტი გასაქანი აქვს.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ლიბიაში რეჟიმის ცვლილება, რუსეთს აფრიკის რეგიონში საყრდენს აძლევს. ოდიოზური რეჟიმების მხარდაჭერა აფრიკაში თუ ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ნაწილია რუსეთის გლობალური პოლიტიკისა, რაც ამგვარი „საყრდენების“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძენას გულისხმობს. გეოპოლიტიკურ თამაშში მის პოლიტიკურ მიზნებს არეულობა უფრო მიესადაგება, თუ რეგიონის სიჭრელეს და საკვანძო მოთამაშეების განსხვავებულ, ხშირად ურთიერთსაპირისპირო მიზნებს გაითვალისწინებთ.
ინტერნეტ ტექნოლოგიებით არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება და ლიბიის ეროვნული არმიისთვის სამხედრო დახმარება რუსეთს საშუალებას აძლევს თავისი გავლენა გააფართოვოს და მასთან ერთად ნავთობიც მიიღოს. და რაც მეტად იქნება ლიბია ქაოსში, მით მეტი საშუალება ექნება რუსეთს იყოს დომინანტი და დაეპატრონოს ნავთობს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით. რაც შეეხება რუსეთის შეკავებას, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია – დასავლეთის სანქციებით და საერთაშორისო ზეწოლით რუსეთზე, რომ კრემლი ამ და სხვა სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში აღარ ჩაერიოს.
ავტორი: მარი ელიაძე, რუსეთის და აღმოსვლეთ ევროპისმცოდნეობის მაგისტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტი