ჰასან როუჰანი: ტრამპი არჩევნების წლის განმავლობაში ირანთან ომს არ დაიწყებს

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან ზეწოლის ფონზე მოლაპარაკებებს არ გამართავს, თუმცა აშშ-ს მოუწოდებს ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანთან ომს არჩევნების წელს არ დაიწყებს.

ამის შესახებ როუჰანიმ თეირანში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტრამპმა იცის, რომ ირანთან ომი, ნოემბერში მეორე ვადით მისი არჩევის შანსებს შეამცირებს. ვფიქრობ, ამერიკელები ომისკენ არც მიდიან, რადგან იციან, თუ რა ზიანს მიაყენებს ის მათ“, – თქვა როუჰანიმ.

მისივე თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ზეწოლის ფონზე არასდროს გამართავს.

„ირანი ზეწოლის ფონზე მოლაპარაკებებს არასდროს გამართავს. ამერიკის ზეწოლაზე არ შევუშინდებით და სუსტის პოზიციიდან მოლაპარკებებზე არასდროს წავალთ. ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ირანის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა როუჰანიმ.

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა 3 იანვარს ამერიკელი სამხედროების მიერ, ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის, ლიკვიდაციის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.

მანამდე კი, ორმხრივი ურთიერთობა ტრამპის გადაწყვეტილებამ გააფუჭა, რომელმაც 2018 წელს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა. ამის საპასუხოდ, თეირანმა შეთანხმების პირობების დარღვევა დაიწყო და აღნიშნა, რომ ურანის გამდიდრების ნაწილში, თავს შეზღუდულად აღარ გრძნობს

აშშ ირანს მუდმივად ტერორიზმში ადანაშაულებს, თეირანში კი ამბობენ, რომ აშშ-ის იმპერიალიზმი ირანის ეკონომიკას ანგრევს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მიზეზი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები