გურამ ნიკოლაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების საკითხი არა ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის ნებით უნდა გადაწყდეს, არამედ დასავლური ქვეყნების დერეფნებში
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი არა ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის ნებით უნდა გადაწყდეს, არამედ სადღაც სხვაგან, დასავლური ქვეყნების დერეფნებში”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის” „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
საგარეო ასპარეზზე გადანაცვლებული ქართული პოლიტიკის შიდა საკითხებზე საუბრისას ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლელი კანონმდებლების წერილები, ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხი, სხვადასხვა განცხადება ოპოზიციის დღის წესრიგში მთავარი საკითხია.
ნიკოლაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ.
მისი თქმით, დახმარების პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, 430 ათას მოქალაქეს აერთიანებს, მათ შორის ბავშვებსაც.
„აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფისთვის სარეიტინგო ქულის გადათვლის პროცესში დღეს არსებული პრაქტიკით ბენეფიციარებს დახმარება დროებით უჩერდებათ, რაც მათთვის საკმაოდ პრობლემატურია. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზეა გათვლილი ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა, რამაც უნდა აღმოფხვრას აღნიშნული პროგრამული ხარვეზი. ინიციატივის თანახმად, ქულის გადათვლის ეტაპზე, ვიდრე არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, დახმარება არ შეწყდება. ამ რეგულაციის ამოქმედება მიმდინარე წლის აპრილიდანაა განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაში პრობლემები კვლავინდებურად რჩება. ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და ეს საკითხი, გარდა ობიექტური პრობლემურობისა, პოლიტიკური ფიგურების პოპულისტური განცხადებებისთვისაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის. განსაკუთრებით მგრძნობიარე საზოგადოებისთვის ბავშვთა შიმშილობის თემაა. სხვადასხვა მონაცემების გახმიანება, ხშირად მთლიანი კონტექსტის გარეშე, როგორც წესი, მოსახლეობის ნეგატიურ რეაქციაზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, პრობლემა რჩება პრობლემად და როგორც შიმშილის, ისე სიღარიბის დასაძლევად ქვეყანაში ბევრია გასაკეთებელი”, – ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.