თეა წულუკიანი: ფატუ ბენსუდასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში პროგრესია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის თქმით, მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ის და მისი გუნდი რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ხედავენ პროგრესს.
მან აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასა.
„ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან ქართული მხარე თანამშრომლობს მასთან, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნას გამოძიებული.
ეს პრიორიტეტები ჩვენი მხარისთვის არის ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
ჩვენ პროკურორისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში, მათ და მის გამომძიებლებს უწევთ ძალიან ბევრი ძალისხმევის გაწევა, რომ გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წერიმართოს.
ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა იყო ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ბატონი გიორგი გახარია პირველად ხვდებოდა ფატუ ბენსუდას და მნიშვნელოვანი იყო მისგან მოესმინა, რომ საქართველო ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამება-მოკვდინების ფაქტებზე მომავალშიც გააგრძელებს ქალბატონი პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას.
როგორც წესი და ახლაც ამ წესიდან გადახვევა არ ყოფილა, პროკურორი და მისი გამომძიებლები არ საუბრობენ გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე. ისინი გვეუბნებიან, არის თუ არა პროგრესი და დღეს ითქვა, რომ პროგრესი არის, აქვთ თუ არა სურვილი გამოძიება კიდევ უფრო სწრაფი, წარმატებული და ნაყოფიერი იყოს და მათ ამის სურვილი აქვთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და დღეს ამას კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვით, რომ გამოძიების პროცესში სამხედრო ტყვეების წამება და სიცოცხლის ხელყოფა არის მნიშვნელოვანი. მათი მხრიდან არის სრული ურთიერთგაგება და ეს არის ნიმუში წარმატებული თანამშრომლობისა.
რა თქმა უნდა, მათ ნაცვლად საქმეს ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჩვენი ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, რომ აგვისტოს ომის დროს იმ უფლებების დარღვევების და მასიური დარღვევების, რაც ქართველბს ხვდათ წილად, წარმატებით და დეტალურად გამოძიება შეძლონ. საუბარი იყო იმაზე, რომ როგორც ნებისმიერი პროკურორის, ჰააგის პროკურორი მიზანია, როცა პირველ შედეგებს დადებს და ჰააგის სასამართლოში გადაგზავნის საქმეს, საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული, რათა პროკურორმა, როგორც ბრალდების მხარემ, შეძლოს ჰააგის მოსამართლეების წინაშე დაცვა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განმარტებით, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, საქმე მტკიცებულებებით იყოს გამყარებული.