საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა.

​თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს წარმატებით იყენებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

​მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

კომენტარები

კომენტარი