ბათუმში გზები თოვლისგან გაწმენდილია – გადაადგილება შეზღუდული არ არის
ბათუმში, უხვი ნალექის გამო ღამის საათებში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდული იყო. გზები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა. გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებებიც. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრა. ამ ეტაპზე შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია.
ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს. ხოლო მთაში ერთ მეტრამდეა. ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმით იმუშავებს. შექმნილია შტაბი როგორც ბათუმში, ასევე ხუთ მუნიციპალიტეტში. სრულად მობილიზებულია დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს დამატებით დაქირავებული მძიმე ტექნიკაც.



