საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უმასპინძლა.
საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც რეფორმის მაკოორდინირებელი უწყების, უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადმინისტრაციის უფროსმა საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს რეფორმის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და პროცესში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვქონდა. ათუმცა გვაქვს გამოწვევებიც, რომლის დასაძლევადაც ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რისთვისაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზად არის. 2014 წლიდან მოყოლებული, როგორც მოგეხსენებათ საჯარო მმართველობის რეფორმის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
ბევრს არ ვისაუბრებ ამ პროგრესზე და მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს შევეხები – განვითარდა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, ჩამოყალიბდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები, აღნიშნული უკვე რეგულირდება მთავრობის დადგენილებით. შემუშავდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, ბუნებრივია დეტალებზე არ შევჩერდდები. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. დაიწყო ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და მზად არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომ შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ამ მიმართულებაზე აქტიურად იმუშაოს.
ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების მიზნით, მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ეს გახლდათ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც დღეს ძალიან წარმატებულად მუშაობს პრაქტიკაში და რაც ყველაზე მთავარია – საჯარო მმართველობის რეგორმას ( UNDP-ის მიერ) ჩატარებული კვლევის მიხედვით საჯარო მოხელეთა 92% უჭერს მხარს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს , რომ ამ მიმართულებით რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები გავაგრძელოთ, რაც გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საჯარო მმართველობის რეფორმის სამდივნომ საბჭოს წევრებს მიმდინარე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები (2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით) წარუდგინა. საბჭომ რეფორმის ახალი, 2021-2024 წლების სტრატეგიის შემუშავების გეგმაზე იმსჯელა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ 2020 წლის აქტივობათა კალენდარზე შეთანხმდა.
ახალი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმაც და სტრატეგიის შემუშავების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
საბჭოს სხდომაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა 2019 წლის ბოლომდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს და საბჭოს წევრებს არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ევროკავშირის პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით“ მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საბჭოს წევრებს თავიანთი პროექტების მიზნები და დაგეგმილი აქტივობები წარმოუდგინეს.
საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის რიგით მესამე, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს 6 ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესებას. მათ შორისაა: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.