გია ჟორჟოლიანი: “ოდირის” დასკვნის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ქვეყანამ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ, ეუთო/ოდირის დასკვნა შეაფასა.

მისი თქმით, ეუთო-ს დასკვნაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია.

„5 თებერვალს გამოქვეყნდა ეუთო-ს პასუხი ომბუდსმენის მიერ გაგზავნილ წერილზე არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი შემდეგია: გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქვეყანამ თავად უნდა მიიღოს და ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს არჩევნებამდე სულ მცირე, ერთი წლით ადრე. დანარჩენი რეკომენდაციები და პოზიციები იგივეა, რაც არაერთხელ განუცხადებიათ ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს. შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუთავებელი დისკუსია და კინკლაობა არ იძლევა ზემოხსენებული პრინციპების განხორციელების შესაძლებლობას. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენ სოციალ-დემოკრატები მხარს ვუჭერდით პროპორციულ არჩევნებს სხვადასხვა ვარიაციით და ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ. მიგვაჩნია, რომ უმრავლესობის მიერ საკუთარი წინადადების უარყოფამ ძალიან გაართულა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. აშკარაა, რომ „ოცნება“ მოიქცა ცუდად, უპასუხისმგებლოდ, რამაც შეარყია მისადმი ნდობა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ჩვენს პარტნიორებთან, რამაც ასახვა უნდა პოვოს ხმის მიცემისას, მაგრამ „ოცნების“ შეცდომას არ შეიძლება, გადავაყოლოთ არჩევნებისა და ქვეყნის ბედი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს და ე.წ. დიალოგის პროცესში მონაწილე ყველა პარტიას, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და მისცენ საშუალება ასარჩევსაც და ამომრჩეველსაც, დროულად ჩამოყალიბდნენ და დაიწყოს ჯანსაღი დისკუსია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების, ალტერნატიული პოლიტიკისა და ქვეყნის შემდგომი პერსპექტივის თაობაზე. აუცილებელია, განხორციელდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო წესებში, რათა ნებისმიერი სისტემით ჩატარებული არჩევნები იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და თანასწორი. ეს ეხება მედიაში საარჩევნო სუბიექტების პროპაგანდას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, პარტიების დაფინანსებას და სხვა საკითხებს. ჩვენ უკვე შევიტანეთ ერთი კანონპროექტი საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის თანასწორი განაწილების შესახებ და სხვა კანონპროექტებსაც შევიტანთ უახლოეს დღეებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებსა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები