სახალხო დამცველი: ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბაღდათში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
​მისივე თქმით, პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო გაჭირვებულ ოჯახებს სთავაზობს, შედეგზე ორიენტირებული არ არის.

“ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დროულ პრევენციაზე, შესაბამისად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში არ იცვლება. ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში პრობლემურია არასრულწლოვნების თუნდაც ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.
განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და მხარდამჭერი პროგრამები, რაც უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველ ინფრასტრუქტურულ პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს უსაფრთხო, სტაბილური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.
ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

​სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად განახორციელონ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რისკები, საჭიროებები და უზრუნველყოფილი იყოს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ეფექტური, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული დაცვა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საჭიროებები, გადაიხედოს სოციალური პროგრამების ეფექტურობა და მათი შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, მოცემულ პროცესში აქტიურად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გამოცდილება.

​შეგახსენებთ, რომ ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე “კრედო” ბანკის უკან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარს 4 მცირეწლოვანი მათი დედა და კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები