Hogan Lovells ქართული მხარის მიმართ “ფრონტერას” ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells, რომელიც კომპანია “ფრონტერას” წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში ქართული მხარის ინტერესებს იცავს, დავასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.
წერილს კომპანიის პარტნიორი, ერთ-ერთი წამყვანი იურისტი დევიდ დანი აწერს ხელს:
„ჰოგან ლოველსი წარმოადგენს ნავთობისა და გაზის კორპორაციას და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საარბიტრაჟო დავაში, რომელიც ეხება “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” მიერ ამავე ორგანიზაციებთან გაფორმებული 1997 წლის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები ხელშეკრულების მთელი რიგი დარღვევების თაობაზე, რომლებიც გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედი, მიუკერძოებელი საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ.
კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და მათ შესაბამისად ჩამოყალიბებულ საერთაშორისო ტრიბუნალში საარბიტრაჟო წარმოების აღძვრის გზით მისდევდნენ დავების გადაწყვეტის მიზნით განსაზღვრულ სახელშეკრულებო პროცედურას. საკითხთან დაკავშირებული საარბიტრაჟო მოსმენები ჩატარდა და დასრულდა დეკემბერში; მხარეები ელოდებიან ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო მოწოდებული არიან პატივი სცენ, დაიცვან და შეასრულონ ტრიბუნალის ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. კანონიერების დაცვის ამ ნათელ მაგალითთან სრულ თანხვედრაში, კორპორაციამ და სახელმწიფო სააგენტომ უარი თქვეს ნებისმიერი მოქმედების დაწყებაზე, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყოლოდა “ფრონტერას” მიერ სადავო ტერიტორიაზე თავისი უფლებების განხორციელების პროცესში ჩარევა, იმის მიუხედავად, რომ კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო თვლიდნენ და თვლიან, რომ “ფრონტერას” ეს უფლებები არ გააჩნია. დავის საგანში შემავალი საკითხები წარმოადგენენ სტანდარტულ და ჩვეულებრივ კომერციულ დავას და მასში ჩართული ქართული ორგანიზაციები მოქმედებდნენ კორექტულად თავისი უფლებების დაცვის და დავის გადაწყვეტის სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენების დროს. საწინააღმდეგოს მტკიცების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, ფრონტერა, ყოველგვარი გამართლების ან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, საპირისპიროს აცხადებს და ცდილობს ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ბრალი დასდოს ქართულ მხარეებს, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა.
​„ფრონტერა” სხვადასხვა ხერხების გამოყენებით გამუდმებით ცდილობდა საარბიტრაჟო წარმოების გაჭიანურებას და შეფერხებას, მისი დაყოვნების მიზნით. ამის მიუხედავად, კორპორაცია და სახელმწიფო სააგენტო ზედმიწევნით იცავდნენ სახელშეკრულებო დებულებებს და კანონიერების პრინციპს.ჩვენ მოხარული ვიქნებით წარმოვადგინოთ დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში”,- აღნიშნულია წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები