ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კინოჩვენება გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართული ფილმის – “მოირა” ჩვენება გაიმართა. თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ფილმი რეჟისორმა, ლევან თუთბერიძემ და მსახიობებმა, ზაზა მაღალაშვილმა და პაატა ინაურმა წარუდგინეს.
უწყების ინფორმაციით, ფილმის ჩვენების შემდეგ, მათ გადაღების პროცესისა და ფილმის წარმატებების შესახებ ისაუბრეს.
ქართული მხატვრული ფილმი 2015 წელს აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. ამავე წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე “მოირა” სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა “მოირა” აშშ-ის კინოაკადემიის “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარადგინა.
კინოჩვენებები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თავდაცვის ძალებში ქართველი სამხედროებისთვის პერიოდულად იმართება.