სააგენტო „რესი“: ცხინვალის КГБ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადასვლის ნებას მისცემს
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „საზღვარზე“ ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“ არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება.
ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
КГБ-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები მიღებულია დე ფაქტო «უშიშროების საბჭოს“ 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
„აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე. პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე საქართველოს მიმართულებით და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პუნქტ „რაზდახანის“ მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.