ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen” გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2026” გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, ქართულ სტენდზე 12 დასახელების ღვინო დაეგემოვნებინა.
სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „8’000 Years in 8 Glasses“, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები დაესწრნენ. დეგუსტაციას ამერიკელი სომელიე, ღვინის ჟურნალისტი ერიკ სეგელბაუმი (Eric Segelbaum) უძღვებოდა. ქართული ღვინო ასევე წარდგენილი იყო ორ მასტერკლასზე, რომელიც ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა ვანდა მენმა (Wanda Mann) ჩაატარა.
ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
„ასპენის ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისთვის. აშშ-ის ღვინის ბაზარზე მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.