„სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იქნას ნაპოვნი“ – ანჯაფარიძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე

სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იქნას ნაპოვნი. შეიძლება შედგეს კომუნიკაცია საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის, რომ მოიძებნოს გარკვეული ოქროს შუალედი, რათა არც ჩვენი კანონმდებლობა დაირღვეს და არც ევროპის საბჭოს რეგულაციების წინააღმდეგ მოუწიოს ჩვენს ქვეყანას წასვლა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ ჩვენ ისიც არ ვიცით, ლავროვი ჩამოვა, თუ არა საქართველოში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროცედურების თანახმად, დელეგაციას შეიძლება, წარმოადგენდეს მისი იურიდიული წარმომადგენელი , ანუ არ არის აუცილებელი, რომ აუცილებლად ლავროვი იყოს წარმოდგენილი.

აქ ორი რამ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან: პირველი, თუ საქართველო რუსეთის დელეგაციას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ნამყოფები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით, არ მისცემს უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ევროპის საბჭოს მინისტერიალში, საქართველოს შეიძლება დაეკისროს სანქციები, როგორც მინიმუმ. ამან გარკვეულწილად იმოქმედოს საქარველოს იმიჯზეც. ევროპელები არ მიიღებენ იმას, რომ ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ კრძალავს ასეთი პირების შემოშვებას საქართველოში. მათთვის უფრო მნიშვენლოვანი იქნება ის, რომ საქართველომ დაარღვია ევროპის საბჭოს რეგუალციები, პროცედურები.

სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იქნას ნაპოვნი. შეიძლება შედგეს კომუნიკაცია საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის, რომ მოიძებნოს გარკვეული ოქროს შუალედი, რომ არც ჩვენი კანონმდებლობა დაირღვეს და არც ევრო საბჭოს რეგულაციების წინააღმდეგ მოუწიოს ჩვენს ქვეყანას წასვლა. მაგალითად, შეიძლება ეს შეხვედრა არ ჩატარდეს თბილისში და ჩატარდეს სტრასბურგში“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – აფხაზეთში და გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ წესის დარღვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები