ანჯაფარიძე კონგრესმენების წერილებზე: ტექსტებში ჩანს, რომ ამის შედგენაში ოპოზიციას აქვს მიღებული მონაწილეობა

ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების თითოეული ტექსტის შინაარსსა და პათოსში აშკარად ჩანს, რომ ამის შედგენაში მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს ოპოზიციური ფლანგიდან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანჯაფარიძე ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„საქართველოს ხელისუფლება სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ წერილებს და ვფიქრობ, სპონტანური განცხადებების ნაცვლად, უფრო აწონილ-დაწონილი განცხადებები უნდა გააკეთოს, იმიტომ, რომ სიტუაცია, როგორც ჩანს, მართლაც სერიოზულია. არ აქვს მნიშვნელობა ეს წერილები თავად კონგრესმენების მიერაა ინიცირებული და დაწერილი, თუ ეს არის გარკვეული ლობისტების ჯგუფის ნამუშევარი. რაკი ამ წერილს ქვეშ აქვს კონგრესმენის ხელმოწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონგრესმენი, თუ სენატორი პასუხისმგებლობას იღებს იმ წერილში მოყვანილ თითოეულ სიტყვაზე. რა თქმა უნდა, მე ყველა წერილს გავეცანი, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ იქ მართლაც არის გარკვეული შეუსაბამობები, უზუსტობები, რაც არ შეესაბამება რეალობას. თუნდაც ავიღოთ 2 სენატორის ბოლო წერილი, იქ საუბარია მასობრივ დემონსტრაციებზე, რომელიც მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას, არადა ჩვენ ვიცით, რომ არანაირ მასობრივ დემონსტრაციებს ადგილი არ ჰქონია. იქ საუბარია რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია ხელისუფლებამ, არადა ვნახეთ, რომ მეორე საპროტესტო ტალღის დროს პოლიცია ზედმიწევნით თავშეკავებულად მოქმედებდა და პრაქტიკულად, არცერთი მომიტინგე არ დაზიანებულა.
თითოეული ტექსტის შინაარსსა და პათოსში აშკარად ჩანს, რომ ამის შედგენაში მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. რადგან, ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს კუთხით არსებობს პრობლემები , ვიცით რომ პრობლემები წარმოიშვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ამერიკელებს ნაკლებად აინტერესებთ ის, თუ შიგნით რა ხდებოდა, მათთვის მთავრია ფაქტი, ის, რ ომ პორტის მშენებლობა შეჩერდა, ამერიკული კომპანია წავიდა იქიდან.

რაც შეეხება „ფრონტერას“, აქ აშკარად იკითხება ლობისტური ინტერესის გამოვლენა. ის კონგრესმენები, რომლებიც უშუალოდ „ფრონტერას“ საკითხს აყენებდნენ წინა პლანზე, არიან ამ კომპანიის მიერ დაიქირავებული ოფიციალური ლობისტები“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული თემით საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ისარგებლონ.
კიდევ ერთ გარემოებას მინდა, გავუსვა ხაზი, რაც ჩემთვის საგანგაშოა – არ არის გამორიცხული, რომ ამ წერილებმა , თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენი საზოგადოების ნაწილში ააგოროს ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება ამით ისარგებლონ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა. თუ ნახავთ რუსულ მედიას , ისინი აქტიურად მოასხდნენ ამ თემას და ყველანაირად ცდილობენ, ეს წარმოაჩინონ ისე, თითქოს საქართველოსა და ამერიკას შორის არის პატრონ-ყმური დამოკიდებულება. ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მდგომარეობის განმუხტვა“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების რამდენიმე წერილი გავრცელდა, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები