თევზის სუნი როგორც პოლიტიკური იარაღი – რატომ აპროტესტებს “გაბედე” ფოთში უკვე მოგვარებულ პრობლემას 

ფოთში საკრებულოს მეორე მოწვევის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ვიდრე დეპუტატები სხვადასხვა საკითხს განიხილავდნენ,  პარალელურად მოძრაობა ,,გაბედეს” წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ე.წ აქცია პერფომანსი აირწინაღებით და ლანგარზე თევზით მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პრობლემა, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ, მოგვარდა. საკითხი თევზის გადამამუშავებელ ქარხნებში ფილტრების არარსებობას ეხებოდა. თუმცა, პრობლემა ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ქარხნებს რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ფილტრები უკვე დაუმონტაჟდა.
დღევანდელ აქციაზე „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი, მიშა ქუმსიშვილი მედიასთან აღნიშნავდა, რომ ქალაქი ბინძურდება. უსიამოვნო სუნის წყარო კი ის ქარხანაა, რომლის წილსაც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია ფლობს.

მოძრაობა “გაბედეს” ბრალდებას დღეს კომპანია „აისბერგი2-ის„ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა ლატარიამ უპასუხა. ლატარია “რეგიონულ კვირასთან”  განმარტავს, რომ  ქარხანა, რომლის წილს დეპუტატი ირაკლი ხახუბია ფლობს, დაარსების დღიდან აღჭურვილია სპეციალური ფილტრებით, რაც უზრუნველყოფს თევზის გადამუშავებისას უსიამოვნო სუნის გაფილტრვას.
ლატარიას განცხადებით, აღნიშნული აქცია არა უსიამოვნო სუნის პრობლემას არამედ, დეპუტატის მიმართ მიზანმიმართულ შავ პიარზეა ორიენტირებული.

“გაბედეს” დღევანდელ პროტესტს პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ფოთის მერის მოადგილის, პაატა ლაგვილავას განცხადებით, აქტივისტებმა საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს.
„თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. ქარხნები მუშაობენ სრული დატვირთით და საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია“,- აღნიშნა პაატა ლაგვილავამ.

„რეგიონული კვირა“  დაინტერესდა, რეალურად, კვლავ აწუხებს თუ არა ფოთელებს თევზის სუნი. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ფოთში უსიამოვნო სუნის პრობლემა უკვე ნაწილობრივ მოგვარებულია და მძაფრი სუნი აღარ იგრძნობა. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ფოთელები თევზის სუნმა შეაწუხა. მალევე პრობლემების მოგვარების მიზნით, ფოთის მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. დიალოგში ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება. ამასთან, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები