თინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს შორის, პარლამენტის შენობაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ცდილობდა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვდა.

მამუკა მდინარაძემ ბოკუჩავას მიმართა: “პროვოკატორი ხარ. სირცხვილია, გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ბრიფინგები შენს პარტიაში შეგიძლია ჩაატარო. არსებობს შემთხვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება არ შემოუშვას თუ არის პროვოკაციების საფრთხე”.

თინა ბოკუჩავას თქმით, სამარცხვინო დიალოგში შესვლას არ აპირებს.

“ამ ლაჩრობას, რასაც შენ აკეთებ, მე არ მოვუსმენ. წამობრძანდი ახლა და ამოიყვანე ის ადამიანი. რატომ არ უშვებ საშვს? ბატონი მალხაზი რატომ ვერ შემოდის პარლამენტში? სირცხვილია, არ ვაპირებ ამ დიალოგს შენთან,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტის შენობაში შესვლას და ბრიფინგის ჩატარებას ითხოვდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები