ქუთაისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დელეგაცია ეწვია

0

ქუთაისს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპობლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ეწვევივნენ, სტუმრებს აეროპორტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დახვდნენ.

პოლონეთის დელეგაციის ჩამოსვლის მიზანს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ურთიერთთანამშრომლობა წარმოადგენს.

„დღეს ჩამოვიდა პოლონეთის დელეგაცია, ისინი რამდენიმე დღეს დაჰყოფენ იმერეთის რეგიონში, მოინახულებენ ტურისტულ ადგილებს. 28-ში კი პოლონეთისა და საქართველოს მეგობრობის სკვერის გახსნა იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩატარდება.

27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას დაათვალიერებენ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რექტორატს შეხვდებიან.

იმავე დღეს სტუმრები წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ პრომეთეს მღვიმეს, თერმულ აბაზანებს და სანატორიუმებს.

კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ვიზიტის ფარგლებში ასევე გახსნიან ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს, ეწვევევიან ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMTex სამკერვალო კომპანიას, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ოფიციალური ვიზიტი 29 იანვარს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი