“მნიშვნელოვანია, რომ დავოსში დადებითად იყო შეფასებული არა მხოლოდ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები”
“მნიშვნელოვანია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული არა მხოლოდ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები”,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავოსში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
“დავოსის ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი შავი ზღვის კონტექსტში. ასევე, მათი შეფასებით, 2019 წლის ჩვენი შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია.
ასევე, როგორც პრემიერმა ფორუმის დასრულებისას აღნიშნა, 2020 წელს, 10 წლის თავზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩამოყალიბდება ახალი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ინტეგრაციის პროცესი და რომელიც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე, დასრულდება ფაქტობრივი ინტეგრაციით. სწორედ ეს იყო ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან, საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრების ძირითადი თემები”,-აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.