ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის პერსპექტივები სამხედრო სფეროში – რას ფიქრობენ სპეციალისტები

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსრექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.
ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ მხარეებს ყველა რესურსი აქვთ საიმისოდ, რათა შეიმუშაონ სეპარატიზმთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგია, ასევე გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოების სამხედრო ასპექტები.

როგორც აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში მაისაია აცხადებს, კარგი იქნება თუ საქართველო გაითვალისწინებს აზერბაიჯანის გამოცდილებას სამხედრო მრეწველობის აწყობაში და ამ ცოდნას საკუთარი სამხედრო წარმოების შესაქმნელად გამოიყენებს. მაისაიას მოსაზრებით, ამ სფეროში აზერბაიჯანს შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაუწიოს საქართველოს. ექსპერტი არ გამორიცხავს,რომ სამომავლოდ მხარეებმა იარაღის და სხვა სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოებაც შეძლონ. როგორც მაისაია აცხადებს, სამხედრო მრეწველობის განვითარების ამბიცია საქართველოსაც აქვს და ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ხელმზღვანელის ვიზიტს საქართველოში დადებითად აფასებს სამხედრო საქმის სპეციალისტი და პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძეც.

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გეგმას 2020 წლისათვის და მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტის დეტალები არ გასაჯაროებულა, ეჭვგარეშეა,რომ მასში საუბარია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

სალუქვაძის მოსაზრებით, დიდი ალბათობით გაგრძელდება თანამშრომლობა სამხედრო განათლების, სამხედრო-ტექნიკური ასპექტების და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართულებითაც. აზერბაიჯანის გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის აწყობის აუცილებლობაზე საუბრობს ამირან სალუქვაძეც. მისი თქმით, აზერბაიჯანს ამ მიმართულებით სერიოზული მიღწევები აქვს და კარგი იქნება თუ მხარეები ამ სფეროში ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები