გიორგი ცუცქირიძე: კონგრესმენ მალინის წერილი აცდენილია საქართველოსადმი აშშ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას
აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი აცდენილია საქართველოსადმი აშშ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, კონგრესმენის განცხადება მიკერძოებულია. როგორც გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, სანამ სახელმწიფოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის სამართლებრივი დავა არ დამთავრებულა კონგრესმენის წერილის დედააზრიც კი გაუგებარია.
„საქართველოს მთავრობასა და „ფრონტერას“ შორის დავა რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს. კომპანიის მოვალეობა იყო სამუშაოები ეწარმოებინა და შეესწავლა, რეალურად, გაზის და ნავთობის რა მარაგებია კახეთის რაიონში, ზოგადად საქართველოში. ასევე გახსოვთ ამ კომპანიის განცხადება, რომ საქართველოში რის დიდი რაოდენობის გაზის და ნავთობის მარაგი, თუმცა ეს დადასტურებული ფაქტი არაა. ეს კომპანია 1-2 წელი არ არის რაც საქართველოში ოპერირებს, ის აქ 1997 წლიდანაა. საქართველოს ხელისუფლებისადმი პრეტენზია ალოგიკურიცაა, როცა ამდენი წელი ბაზარზეა კომპანია.
ერთ რამეს ვიტყვი ხაზგასმით: აბსოლუტურად სწორად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ნეიტრალურ არბიტრს განეხილა ეს საკითხი. ეს ნეიტრალური მხარე არის ძალიან ავტორიტეტული სტოკჰოლმის არბიტრაჟი, რაც ფაქტობრივად კითხვებს აღარ აჩენს. სანამ ეს დავა არ დამთავრებულა ცოტა გაუგებარია ამ წერილის დედააზრიც კი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკაში, იცით, რომ ლობიზმი ოფიციალურადაა დაშვებული. წმინდა ლობისტური თვალსაზრისითაც მოიღებელია ეს და რატომ: სტოკჰოლმის არბიტრაჟში მიდის დავა, სანამ გადაწყვეტილება არაა გამოტანილი, მით უმეტეს გაუგებარია. ჩემი აზრით, ეს ფაქტი მიკერძოებულ ხასიათზე მიუთითებს“, – განაცხადა ცუცქრიძემ.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ როგორია აშშ- საქართველოს ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, თუ ერთიან კონტექსტს განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ კონგრესმენი მიკერძოებულია.
„მეორე თემა, რაზეც აჟიოტაჟია ატეხილი, არის ის, რომ ამ წერილში გარკვეული პრეტენზიებია გამოთქმული საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. როცა ამერიკელი კონგრესმენი წერილით მიმართავს ქვეყნის პრემიერმინისტრს, რა თქმა უნდა, ეს ყურადსაღები ფაქტია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში და არა ამოგლეჯილად, კერძოდ, როგორია ამერიკის პოლიტიკა და აშშ- საქართველოს ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აქ ჩანს ეს წერილი მიკერძოებულია, თუ არის გარკვეული ობიექტური დატვირთვის მატარებელი. დავიწყოთ მთავარით, ვიცით, რომ ახალდანიშნულმა ელჩმა ფიცის დადებისას საქართველო შეაფასა როგორც წარმატებული, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დიდი რეფორმა განიცადა . ფიცის დადებისასა მან აღნიშნა საქათველოს პროგრესი და ეს პროგრესი არის ამ ხელისუფლების პირობებეშიც. სხვა შეფასებები რომ ავიღოთ, თუ კონგრესმენებზე მიდგება საქმე, ჩვენ ვიცით 28 კონგრესმენის წერილი ამერიკის სავაჭრო პალატისადმი, რომ დაჩქარდეს საქართველო – აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება. იქ ასევე მინიშნებულია ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ- პირველ რიგში კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. აქ 28 კონგრესმენზეა საუბარი და არა ერთეულ კონგრესმენზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი კანონმდებლობა, პრაქტიკულად მზადაა იმისათვის, რომ ამერიკულ ეკონომიკურ სივრცეში მოხდეს ჩვენი ქვეყნის ღია ინტეგრირება.
მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკურ მდგენელზე ვისაუბრეთ, აღსანიშნავია ორპარტიული აქტი, რომლითაც ორივე პალატამ მიმართა აშშ-ს პრეზიდეტს საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე. თავის მხრივ , 2017 წელს ტრამპის მიერ გამოცემული სპეციალური აქტი, რომელიც პირდაპირ არის არაღაირების პოლიტიკის არა უბრალოდ მხარდაჭერაა რამედ სანქცირებული რეჟიმიც . ეს არ არის პატარა ამბავი. ზოგადად ამერიკული მხარდაჭრა ამ წელსაც გაძლიერებულია , თუნდაც 2020 წლის ბიუჯეტში- მხარდაჭერის სახით, მხოლოდ ამ წელს საქართველოსთვის 132 მილიონია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 200-მდე ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი. პრობლემები არავის შექმნია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა ამერიკასთან ყოველწლიურად მზარდია. აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი აცდენილია საქართველოსადმი აშშ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.
ასევე, ხაზგასასმელია ყველა საერთაშორისო შეფასება საქართველოში ბიზნესის კეთებაზე. მე მარტო Doing Business –ზე არ ვამბობ , რომლითაც იცით, რომ საქართველო ერთერთი ლიდერია, შვიდეულშია ბიზნესის დაწყების თავისუფლების კუთხით, მაგრამ ხაზს ვუსვამ კიდევ ორ მნიშვნელოვან შეფასებას- რომელიც არის ჰერიტიჯის და ფრაიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების აღქმის ინდექსი, რომელიც ფასდება საკანონმდებლო რეგულაციებით, კანონის უზენაესობით. საქართველო მე- 12 და მე- 16 ადგილზეა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია საქართევლოში ბიზნესის მხარდაჭრისა. კონგრესმენის წერილში შეშფოთება გამოთქმულია ვითომ ბიზნესის შეზღუდვის და ინვესტიციების არამხარდაჭერის მიმართულებით. ამ ფონზე , რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, როცა ცალკეული კონგრესმენი წერს ასეთ წერილს, ბუნებრივია, ეს არა თუ ამოვარდნილია კონტექსტიდან, არამედ მიკერძოებულია ცალსახად“, – განაცხადა გიორგი ცუცქრიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.
თამუნა შეყილაძე