ნინო ლომჯარია: ჩვენმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია, ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში
ჩვენმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობს, როგორც ნახევრად ღია ტიპის ისე დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც მიუხედავად იმისა რომ არის დახურული რეჟიმი, ეს ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ამ საკითხებზე ჩვენ ღიად და დაუფარავად ვისაუბროთ. ვისაუბროთ იმაზე, თუ რას აპირებს იუსტიციის სამინისტრო და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დღეს მოუსმენენ.