რა გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში დიალოგზე ინიციატივას – “აფხაზმა პოლიტიკოსებმა ქართველებთან დიალოგი საკუთარი და არა ხალხის სახელით აწარმოონ”

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფხაზებსა და ქართველებს შორის, დიალოგის საჭიროებასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

საკითხს ადგილობრივი მედია აქტიურად აშუქებს.

ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის მიმომხვილველი წერს, რომ „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებმა საკუთარი საქმიანობა თავიანთი ოპონენტების და მომხრეების შოკური თერაპიით დაიწყეს“.

„როგორც კი პრეზიდენტმა გადადგომას მოაწერა ხელი, მათ დიალოგი მოინდომეს. ერთ დღეში”დიალოგი” მათი ლექსიკონის მთავარი სიტყვა გახდა. არ იფიქროთ, რომ საუბარია დიალოგზე ჩვენს საზოგადოებაში. მათ საქართველოსთან დიალოგი ადარდებთ, თითქოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური თემა იყოს.

შესაძლოა, ეს სახელმწიფო გადატრილებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს. მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ საზოგადოებაში ასეთი არაპოპულარული თემის წამოწევისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა გქონდეს.

საქართველოსთან დიალოგზე პირველმა ყოფილმა შს მინისტრმა სერგეი შამბამ, ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. რატომ გადაწყვიტა ასეთი სენსაციური განცხადების გაკეთება აფხაზმა პოლიტიკოსმა ქართულ და არა აფხაზურ მედიაში, ისეთივე ამოცანაა, როგორც თითოეული სიტყვა, რომელიც მან თქვა.

შამბას განცხადებას ქართველი პოლიტიკოსი ვოლსკი გამოეხმაურა, რომელმაც 2006 წელს სერგეი ბაღაფშის მიერ შეთავაზებული წინადადება „გასაღები მომავლისკენ“ გაიხსენა. ბაღაფშის განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესც აფხაზეთი აღიარებული არ იყო. ვოლსკი ასეთ ფორმატს „პოზიტიურად“ აფასებს.

შემდეგი განცხადება ალხას კვიწინიამ გააკეთა. მისი განმარტება საინტერესოა იმით, რომ ისიც ქართულ მედიაში გაჟღერდა.

მის მიერ ნათქვამი ფრაზა, „იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს მიზანი აფხაზეთი თავის შემადგენლობაში სამხედრო გზით დაიბრუნოს“ მეტყველებს კვიწინიას პოლიტიკურ მოუმწიფლობაზე.

მაგრამ, ყველაზე კაშკაშა, განსახილველი განცხადება როგორც ქართულ ისე აფხაზურ საზოგადოებაში გაკეთდა ასლან ბჟანიას მხრიდან.

მის განცხადებაში ჩანდა არამხოლოდ პირადი ინტერესები, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი – საუბარია „ეკონომიკური სფეროზე“.

და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ტაშს უკრავს. „ლელო“ გამოვიდა ქართულ-აფხაზური დიალოგის მხარდასაჭერად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის. რუსეთის პოლიტიკა დაშინებაზე, სიძულვილსა და გახლეჩაზეა აგებული – მან დააპირისპირა ქართველები და აფხაზები. და ამის გამო ერთიანი საქართველო და ორივე ხალხი დაზარალდა“.

ჩვენი საზოგადოების წევრებმა სოციალურ ქსელში ყურადღება სწორედ „ერთიან საქართველოზე“ გაამახვილეს.

„მიაქციეთ ყურადღება, რას წერს ის! რომ რუსეთმა დაგვაპირისპირა, და ამის გამო ერთიანი საქართველო დაზარალდა! აი, თქვენი დიალოგიც!; მშვიდობიანი დიალოგის ხელმოწერაა ჯერ საჭირო! ამის მერე საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება; აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებამდე, აფხაზი ხალხის გენოციდი აღიარონ და კონტრიბუცია გადაგვიხადონ!“, – წერდნენ სოცქსელში.

აღნიშნულს ქართველი მომხმარებლებიც პასუხობდნენ, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ საქართველო აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი „საქართველოს დაყოფაზე არ წავა“. როგორც ჩანს ქართველმა „ფეისბუკოლოგებმა“ აფხაზ პოლიტიკოსებზე მეტი იციან.

ზოგიერთი მომხმარებელი აფხაზ პოლიტიკოსს სთავაზობდა ქართველებთან შეხვედრას და დიალოგს, საკუთარი სახელით და არა საზოგადოების. მაგრამ, ისეთებიც იყვნენ, ვინც დიალოგის მომხრე იყო, თუმცა მათი უმრავლესობა, ანონიმური გვერდებიდან წერდა. ისინი წერდნენ: „დიალოგი საჭიროა!ჩვენს შორის ვაჭრობის განვითარება შეიძლება. საქართველო ეკონომიკურად განვითარებულია და ჩვენთვის ეს მომგებიანიც არის“. ისეთებიც იყვნენ, ვინც აფხაზებს ახსენებდა ვლადისლავ არძინბას, რომელიც ასევე იმყოფებოდა თბილისში მოლაპარაკებაზე, მაგრამ ასეთი პოსტების ავტორებს ავიწყდებათ, რომ არძინბას დროს, რესპუბლიკა ბლოკადაში იყო და არც აღიარებული არ იყო.

ხალხის უმრავლესობა თანხმდება, რომ აგრესორ-ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის დალაგება უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ამიტომ ჩნდება კითხვა, რომელ დიალოგზე საუბრობენ ბჟანია-შამბა-კვიწინია, მაშინ როდესაც ჟენევის დისკუსიები არსებობს?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები