საქსტატი: ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა
დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.