გიგი წერეთელი: საქართველოში გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს
საქართველოში კვლავაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში უმაღლესი დონის მოლაპარაკებები დაიწყო.
„მინდა მივესალმო უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში უმაღლესი დონის მოლაპარაკებების დაწყებას. ტყვეების გაცვლა, ხიდების აღდგენა, საკონტროლო-გამშვები დამატებითი პუნქტების გახსნა უკეთესი მომავლის იმედს აჩენს. სამწუხაროა, რომ მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმართ და საქართველოში კვლავაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის კი კვლავაც გაუსაძლის პირობებია შექმნილი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო საერთაშორისო საზოგადოებას და ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ეუთო-ს ხელმძღვანელობა და 57 წევრი სახელმწიფის ელჩები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მომხსენებლად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი იყო მიწვეული. მან ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუთოს სივრცე კვლავ განიცდის მნიშვნელოვან რყევებს როგორც პოლიტიკური საკითხების, ასევე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამიტომ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ გზას მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების განმტკიცება და უმთავრესი საერთაშორისო პრინციპების დაცვა წარმოადგენს.
სიტყვით გამოსვლისას გიგი წერეთელმა საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პრიორიტეტებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო მისი, როგორც პრეზიდენტისა და ორგანიზაციის აქტივობები რეგიონალური უსაფრთხოების, ტერორიზმის და მიგრაციის, კლიმატის ცვლილების, ანტიკორუფციული, საარჩევნო მონიტორინგის, სამოქალაქო თავისუფლებების სა საერთაშორისო პარტნიორობის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე დაეთმო.
გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ, უკრაინის, რუსეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის სომხეთის, თურქეთის, საქართველოს ელჩებმა.