„წერო ხინკალი“ – უძველესი მესხური ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა
მოხარშული ცომის პატარა ნაჭრები ზემოდან მოყრილი ნიგვზით, ყველითა და მოხრაკული ხახვით, მესხეთში ძალიან პოპულარულია. ადგილობრივები, მას წერო ხინკალთან ერთად მაკარლამასაც ეძახიან.
44 წლის დარეჯან ხორციძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა. გვიყვება, რომ ტრადიციად ქცეული მესხური კერძის მომზადება დედისგან, სკოლის ასაკში ისწავლა.
„ძალიან მარტივია მისი მომზადება. საჭმელად განსხვავებულია და უფრო გემრიელიც, ვიდრე ჩვეულებრივი ხინკალი. არ მინდა ოდესმე ჩვენი ტრადიცია დავიწყებას მიეცეს, ამიტომ სანამ ჩემი გოგო გათხოვდებოდა ვასწავლე გაკეთება. ახლა ჩემზე უკეთ ამზადებს, უცხო მხარეშიც კარგად ჩანს მესხური კერძი“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ დარეჯანი.
როგორც ოთხი შვილის დედა გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე არავინ ჰყავს და დროის სიმცირესაც ხშირად განიცდის, ამ კერძს ოჯახში ხშირად ამზადებს. თავდაპირველად აუცილებელია მოვზილოთ ცომი და დავყოთ გუნდებად. იმისთის, რომ გუნდა ადვილად გაიშალოს, 20 წუთი გავაჩეროთ, შემდეგ გავშალოთ თხლად და დავჭრათ ზოლებად, მიღებული მასა უნდა დავამრგვალოთ.
„დაჭრილი ცომი ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროთ. მოხარშულ ცომს კი ფენებად მოვაყრით გატარებულ ნიგოზს, გემოვნებით შეგიძლიათ ყველიც გაუკეთოთ. ბოლოს ზეთში მოხრაკული ხახვი უნდა მოასხათ ზემოდან“,– ამბობს მზარეული.
დარეჯან ხორციძე ამბობს, მესხეთში ჩამოსულმა სტუმარმა „წერო ხინკალი“ აუცილებლად უნდა დააგემოვნოს.