„ზუსტად ვიცი, ჩემმა სიძლიერემ გადამარჩინა“ – მკერდის კიბოს პირისპირ დარჩენილი ხელოვნება და სასწაულის სილამაზე

ამბავი ქალბატონისა, რომელიც ხელოვნების დიდი სიყვარულით და რწმენით მკერდის ავთვისებიან სიმსივნეს შეებრძოლა.
ამბობს, რომ სიძლიერემ გადაარჩინა – „თვითრწმენას და მკურნალობას ერთად შეუძლია სასწაულის მოხდენა, კიბო განაჩენი არ არის“.
ვისაც გსურთ, თეა კახნიაშვილის ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების საოცარ გამოფენა-გაყიდვა იხილოთ, პუენტესეკოს საგამოფენო სივრცეს (წინამძღვრიშვილის №14) შეგიძლიათ, 17 იანვრის ჩათვლით ეწვიოთ. – ხელოვან თეა კახნიაშვილის პერსონა.

– გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, მშობლებთან და ძმასთან ერთად. მქონდა ლამაზი და ლაღი ბავშვობა, ბევრი დასამახსოვრებელი წუთი ახლდა ჩემს ბავშვობას, მაგრამ გავიხსენებდი სოფელს, საოცრად ლამაზი ბუნებით და ძალიან თბილი ხალხით.
ძველით ახალ წელს ყოველთვის ვხვდებოდით სამაჩაბლოში, სოფელ კეხვში. მაინც სულ სხვა სითბო და სიყვარული იყო სოფელში.
სამწუხაროდ, ეს სოფელი აღარ არსებობს, რომელიც ჩემს ბავშვობას ალამაზებდა და ავსებდა. ვიმედოვნებ,  ჩვენს ტერიტორიებს ისევ დავიბრუნებთ.
– მამა ოქრომჭედელია…
მამა ოქრომჭედელია, რომელიც ულამაზეს ნივთებს ამზადებს, ალბათ ამან განაპირობა ხელოვნებისადმი ასეთი სიყვარული.
– პირველი ნამუშევრები…
– თავდაპირველად, წლების წინ, ჩემი პირველი შეხება ხელოვნებასთან დაიწყო ქართული ტიხრული მინანქრით. ჯანმრთელობის გამო ძალიან მალე მომიხდა ამ საქმიანობასთან განშორება. შემდეგ უკვე დავიწყე მძივებით აქსესუარების დამზადება.

მამასთან ერთად

თავიდან ვაკეთებდი: ყელსაბამებს, საყურეებს, გულსაბნევებს, სამაჯურებს… დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე საახალწლო აქსესუარების დამზადება. ძირითადი მასალა, რომელსაც ვიყენებ, ხავერდი და თვლებია. ეს ყველაფერი ჩემი სამყაროა, ჩემი სულის ნაწილი.
– თქვენს ცხოვრებაში იყო ტკივილიანი დღეები… როგორ დაგეხმარათ თქვენი ხელოვნება?
– სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში იყო მძიმე პერიოდიც, 2014 წლის მარტში დამისვეს მძიმე დიაგნოზი – მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე.
დამეთანხმებით, ამ დიაგნოზის მოსმენა ადამიანისთვის რაოდენ რთულია, გაიგო ის, რომ უკურნებელი სენი გჭირს (მაშინ ასე ჩავთვალე).
ერთ წუთში დამემსხვრა ყველა ოცნება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. თუმცა ორ წელიწადში განმეორდა რეციდივი ღვიძლზე და მეორე ოპერაცია დამჭირდა.
მართალია, ამ ყველაფრის გადატანა ძალიან რთული იყო თანმხლები ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით, მაგრამ მე დღეს კარგად ვარ.
დიდად დამეხმარა ადამიანების თანადგომა და სიყვარული, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. რომ არა ისინი, დღეს ასე კარგად არ ვიქნებოდი.
და კიდევ, ჩემს გამოჯანმრთელებაში  ძალიან დიდი როლი შეასრულა ხელოვნების სიყვარულმა. როცა ცუდად ვიყავი, ვქმნიდი ლამაზ ნივთებს და ასე ვპოულობდი შვებას.
ჩემი შექმნილი ნივთები გადაიქცა საჩუქრებად და მადლობად ერთგული ადამიანებისთვის.
– გამოფენა, რომელიც პუენტესეკოში მიმდინარეობს,  ძალიან მოსწონს საზოგადოებას…
– 2014 წლიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრი ნივთი შევქმენი. კეთილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვისაც ეჩვენებინათ და „პუენტესეკოს“ საგამოფენო სივრცეში გამოფენა მოაწყეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშა ცინაძეს და ქალბატონ თამუნა სამადაშვილს.
ბედნიერი ვარ, რომ დამთვალიერებელს მოსწონს ჩემი ნამუშევრები.
საინტერესოა შერბურის ქოლგები, ქოშები, სამკაულები, რომელიც მყიდველს ძალიან მოსწონს…
– გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სამკაულები, ასევე საახალწლო აქსესუარები: შერბურის ქოლგები, ქოშები, ბალერინები, ცირკის ინსპირაციით შექმნილი ბურთები და კლოუნები.
–  ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ურთიერთთანადგომას ბევრი რამ შეუძლია…
 – მიჭირს ვისაუბრო საკუთარ თავზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემმა სიძლიერემ გადამარჩინა. კიდევ ერთი რამ – თვითრწმენას და მკურნალობას ერთად შეუძლია სასწაულის მოხდენა, კიბო განაჩენი არ არის.
– ოჯახი, შვილები…
– მყავს მეუღლე, სამი შვილი და შვილიშვილი. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების აზრია. მე მათით მიყვარს ჩემი სიცოცხლე და ამიტომ არის ის ჩემთვის ასეთი ძვირფასი.
– ჰობი…
– დიაგნოზის დასმის შემდგომ ყოველ შობას ვხვდები ევროპაში, ჩემს მეგობრებთან ერთად. მოგზაურობა ჩემი ჰობია, რომელიც საშობაო ტრადიციად იქცა.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
არაფერსაც არ შევცვლიდი. მე ყველაფერი ისეთი მომწონს ჩემ გარშემო, როგორიც არის თავისი ავკარგიანობით.
– რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც მინდა, მნახველისთვის დარჩეს სიურპრიზად. ერთს კი გაგიმხელთ – ყველაფერი რაც შეიქმნება, ძალიან ფერადი და ბრჭყვიალა იქნება.

თამარ შაიშმელაშვილი

ფოტო: ნინო ჯაჯანიძე

 







კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები