იოსებ არჩვაძე: საქართველომ 2019 წელი საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდით დაასრულა
საქართველომ 2019 წელი საგარეო ვაჭრობის რეკორდული ზრდითა და მატებით დაასრულა. ქვეყნიდან განხორციელებულმა ექსპორტმა თითქმის 3.8 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით ფორსირებულად გაიზარდა ექსპორტი წლის ბოლო ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში), როდესაც ზედიზედ, ერთი მეორეს მიყოლებით, ექსპორტის მოცულობის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკის პროფესორი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
ექსპორტის მოცულობამ მხოლოდ დეკემბერში 390.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 61.4 მლნ. აშშ დოლარით (18.7%-ით) მოიმატა. ამასთან, დეკემბრის მონაცემი 2019 წლის წინა, 11 თვის (იანვარ-ნოემბრის) საშუალო მაჩვენებელზე (307.4 მლნ. აშშ დოლარი) 83.0 მლნ. აშშ დოლარით (27.0%-ით) მეტი იყო.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმპორტის რეცესიის ფონზე (იმპორტი შემცირდა 0.8%-ით), რომელმაც 9063.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 4.9 პუნქტით გაუმჯობესდა და 2019 წელს 41.6 პროცენტს მიაღწია (2018 წ. – 36.7%). აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 2018 წლის 26.9 პროცენტიდან 2019 წელს 29.4 პროცენტამდე გაიზარდა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტით იმპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა საგრძნობლად შემცირებულიყო სავაჭრო დეფიციტი – 489.0 მლნ. აშშ დოლარით (8.4%-ით – მშპ-ის თითქმის 3%-ით და იმაზე მეტად, რაც იყო საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2003 წელს). 2019 წელს საგარეო სავაჭრო დეფიციტმა 5291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა, 2018 წლის 5780.2 მლნ. აშშ დოლარისა.
„ექსპორტის თვალსაჩინო ზრდის, მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურის გაუმჯობესებაში განმსაზღვრელი როლი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, საქართველოს ეკონომიკის, მისი რეალური სექტორის საგრძნობი ზრდა (2019 წლის მშპ-ის წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 5.3-პროცენტიანი ზრდა, მათ შორის ნოემბერში ფაქტობრივად უკვე მიღწეული 6.4%-იანი ზრდა); მეორე, საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის დამსახურებით საქართველოს სატრანზიტო, რეგიონული ჰაბის ფუნქციის გაძლიერება. წლიდან წლამდე ეკონომიკურად სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენი ქვეყანა როგორც ტრანზიტის, ისე რეექსპორტის განხორციელებისათვის,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
„ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა საქართველოს ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიცირებისათვის (ამ ასპექტით განსაკუთრებით გამოვყოფდი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე და ხელშეკრულებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) და ამით მიღებული პრეფერენციების გამოყენებისათვის, ქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, უკვე იძლევიან სასურველ შედეგს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიღწევები მაღალ გადახდისუნარიან, ტევად, თუმცა იმავდროულად საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ საკმაოდ პრეტენზიულ ევროკავშირის ბაზარზე, სადაც 2019 წელს ქართული პროდუქციის რეალიზაციამ რეკორდულ, თითქმის 0.9 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკას, მის რეალურ სექტორს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ უზრუნველყოს ექსპორტის დაჩქარებული განვითარება, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის, კონკურენციისა და მასზე მოთხოვნის არსებითი ზრდა.