ამირან გამყრელიძე: სტრატეგიულ მარაგში რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია.
„ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. დღევანდელი რიცხვით, გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკჯგუფებისთვის. რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რისკჯგუფი, ვთხოვ – მობრძანდით. ასევე დიაბეტიანებს ვთხოვ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან.
ზოგადად, გრიპის ვირუსს რაც შეეხება, წინა სეზონთან მიმართებაში უფრო მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის და იქნება. ახლა ცირკულირებს 80 პროცენტში B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით. ამიტომ, წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში იყო. ამაზე ციფრებიც მეტყველებს; წინა კვირაში გვქონდა 191 ახალი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22 პროცენტი, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 42 პროცენტი იყო.
საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად იწყება ხოლმე დეკემბრის დასაწყისში და გრძელდება სადღაც მარტის ბოლომდე, აპრილის შუა რიცხვებამდე. მაგრამ როგორც წესი, პიკური პერიოდი არის ხოლმე სამი-ხუთი კვირა. ერთი პიკი ჩვენ დეკემბერში გვქონდა, ბოლო სამი კვირა იყო ასეთი და ვფიქრობ, რომ გავიარეთ. ორშაბათს გვექნება მიმდინარე კვირის ახალი მონაცემები და მოგახსენებთ დეტალურად, როგორი იყო მიმართვიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.