საქართველოში “B” ტიპის ვირუსი ცირკულირებს – “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” გრიპის ახალ სტატისტიკას გაავრცელებს
“დაავადებათა კონტროლის ცენტრი” გრიპის ახალ სტატისტიკას რამდენიმე საათში გაავრცელებს.
მედიკოსების თქმით, გრიპის ვირუსის სიმპტომებით მიმართვიანობა, კლინიკებში შემცირებულია, თუმცა სტაციონარში პაციენტები მაინც რჩებიან. ამ დროის მონაცემებით საქართველოში “B” ტიპის ვირუსის შტამი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, შეუპოვარი ცხელება, ზოგადი სისუსტე, პირღებინება და კუნთების ტკივილი ახასიათებს.
“ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, პრევენციის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
“შემოსული პაციენტებიდან დაახლოებით 40%-მდე მაინც არის გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების ჩივილებით, რაც გამოიხატება შეუპოვარ ცხელებაში, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. ჩვენს კლინიკაში, თერაპიულ განყოფილებაში 58 პაციენტი წევს, ამათგან 16 დადასტურებულია და ყველა “B” ჯგუფის ვირუსია. პრევენციის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც სასურველია ოქტომბრის თვეში ჩატარდეს, თუმცა ორსულებისთვის და რისკ-ჯგუფებისთვის არც ახლაა გვიან. დაახლოებით 4 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. გარდა ამისა აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენური პირობები. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის, როგორც კი დაეწყებათ ცხელება და პირველი კლინიკური ნიშნები, ვთქვათ, კატარული მოვლენები, ზოგადი სისუსტე სასურველია, რომ მაშინვე მიმართონ ექიმს”, – განმარტა მაია ჩხაიძემ.