„სხვა სახე“ – ლევან მანჯავიძის გამოფენა-აქცია გაიმართება

 10 იანვარს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, ლევან მანჯავიძის გამოფენა-აქცია „სხვა სახე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლევან მანჯავიძის გამოფენა-აქცია „სხვა სახე“ ექსპერიმენტული ინიციატივაა სამუზეუმო ცხოვრების გარდამავალ ფაზაში. გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი მუსიკოს ლადო ონიანთან თანამშრომლობით, სადაც ლევან მანჯავიძე საკუთარ ტექსტებს იმპროვიზაციულად წაიკითხავს.
აბრეშუმის მუზეუმი რეაბილიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე სახელოვნებო რეზიდენციას განსხვავებული ფორმატით მასპინძლობს –  ხელოვანმა ათი დღე  (18-28 დეკემბერი) „იცხოვრა“ მუზეუმში და რეზიდენციის პროცესში დამთვალიერებლებთან ინტერაქტიული კავშირით ააწყობს გამოფენას.
ხელოვანი ირჩევს რეპრეზენტაციის არატრადიციულ ფორმას, სადაც დამთვალიერებელი გამოფენის მზადების თანამონაწილე ხდება. მუზეუმის სივრცე, როგორც ღია კომუნიკაციის ველი, დაკვირვების ეპიცენტრში აქცევს ხელოვანს – პიროვნებას, ხოლო თავად სარეზიდენციო პერიოდს დინამიკურ პროცესად გარდაქმნის. წლების განმავლობაში მხატვრის მიერ გადანახული ნამუშევრები მუზეუმის სივრცეში – „აქ და ახლა“ გაიხსნება, პარალელურად კი მუზეუმი საკუთარი კოლექციების შეფუთვა-შენახვისთვის მომზადებას იწყებს. ამგვარად, გამოფენა მეტაფორულად აერთიანებს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ფორმირების საკითხს.
ლევან მანჯავიძე 2016 წლამდე ბერლინში ცხოვრობდა და სამი წლის წინ დაბრუნდა თბილისში. მისი ნამუშევრები არ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და თბილისში პირველად იფინება. საგამოფენო კონცეფციის მთავარ ფოკუსში ადამიანია. ფერწერული ნამუშევრების სერია „სახეები“ ხელოვანის ყოველდღიური, გარემომცველი რეალობიდან ტილოზე აღბეჭდილი „პერსონა-სუბიექტები“ არიან. ყოველდღიურობის დინებაში შეუმჩნეველი, მაგრამ ავტორისთვის კარგად ნაცნობი სახეები უწყვეტი დაკვირვების ობიექტები ხდებიან. ნამუშევრებში არეკლილი ადამიანური განცდების – შიშების, თამაშის, წარმოსახვის ურთიერთგაცვლა მაყურებელს, ხელოვანსა და სივრცეს შორის უწყვეტი შემოქმედებითი კავშირის წინაპირობად ყალიბდება.
10 იანვარს, რეზიდენციის დასკვნით ეტაპზე, დამთვალიერებელი ლევან მანჯავიძის ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მის განსხვავებულ შემოქმედებით პრაქტიკებს იხილავს. სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ექსპერიმენტული ნამუშევრები (ციფრული ნახატი, ვიდეო-პერფორმანსი, ტექსტი-პოეზია, საუნდი) სინთეზურად წარმოაჩენს ხელოვანის მიდგომებსა და მის „მეტამორფოზს“. „სხვა სახე“ ცვლილებისა და მოლოდინის, რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე მყოფი ალეგორიაა და დამთვალიერებელს ვიზუალურ-ემოციურ ექსპერიმენტზე იწვევს.
სარეზიდენციო პერიოდის განმავლობაში აკო დევიძესთან თანამშრომლობით მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
კურატორი – მარიამ შერგელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები