“რედკო”: ამჟამად ყველა კორპუსს წყალი ცენტრალური სისტემის საშუალებით მიეწოდება, მარაგში კი 100 ტონაზე მეტი წყალია
“ახალი გუდაურის “რედკოს დასახლების” წყალმომარაგების რამდენიმე დღიანი შეფერხების აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე ერთობლივი სამუშაოების შედეგად, ამჟამად დასახლების ყველა კორპუსს წყალი ცენტრალური სისტემის საშუალებით მიეწოდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. მათივე ცნობით, რეზერვუარში 100 ტონაზე მეტი წყლის მარაგი არსებობს.
“წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების შედეგების გასაცნობად, დღეს გუდაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, “რედკოს”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ადგილობრივი საპატრულო პოლიციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცენტრალური წყალმომარაგება აღდგენილია, სახელმწიფო უწყებების დახმარებით დილის 8 საათიდან დაწყებულია “რედკოს დასახლების” რეზერვუარების შევსება. ამჟამად არსებობს 100 ტონაზე მეტი წყლის მარაგი”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.