“ზუგდიდი უცხოელთათვის უფრო მიმზიდველი რომ იყოს, სასურველია ჭადრაკთან ასოცირებული ერსახე შევუქმნათ”
ცნობილი მომღერლის საბა კემულარიას მამა ლავრენტი კემულარია ზუგდიდის მოსახლეობას ინიციატივით მიმართავს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ის ადგილობრივებს სთავაზობრ, რომ ზუგდიდს, როგორც ცნობილი მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილისა და ანდრია დადიანის მშობლიურ ქალაქს, ჭადრაკთან ასოცირებული იერსახე უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი ლამაზი, სასიკეთოდ განახლებადი ქალაქი ზუგდიდი უცხოელთათვის, განსაკუთრებით კი, ჭადრაკის მოყვარულთათვის უფრო მიმზიდველი და დასამახსოვრებელი რომ იყოს, სასურველია შევუქმნათ ქალაქს ჭადრაკთან ასოცირებული იერსახე. ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისა და ანდრია დადიანის მშობლიური ქალაქის – ზუგდიდის გამორჩეული იერსახისათვის”,- წერს ლავრენტი კემულარია Facebook-ის პირად გვერდზე.
მისივე თქმით, მსოფლიო მნიშვნელობის მოჭადრაკეთა მშობლიური ქალაქის პოპულარიზაციისათვის ზრუნვა თითოეული ზუგდიდელის მოვალეობაა.
იგი განვითარების საკუთარ გეგმასაც აღწერს:
“პირველ ეტაპზე, აუცილებლად მიმაჩნია: არსებული და მომავალში დასამონტაჟებელი ბოძკინტები (საორიენტაციო ბოძები) ჩანაცვლდეს განსაკუთრებული, დახვეწილი -კლასიკური დიზაინის მქონე ჭადრაკის ფიგურების ფორმებით (პაიკი, ეტლი, კუ, მხედარი და ა. შ.), ხოლო ქვეითთა გადასასვლელები (ე.წ. ზებრები) დაიხაზოს ჭადრაკის დაფის უჯრების სტილში (1962 წელს, როცა ქალბატონი ნონა პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, აღნიშნული სახის გადასასვლელი მოეწყო ქალაქ თბილისში).
მსოფლიოს 12 გზის მსოფლიო ჩემპიონი (მათ შორის 7- ჯერ ვეტერან ქალ მოჭადრაკეთა შორის), 11 გზის საჭადრაკო ოლიმპიადების გუნდური და 9 გზის პირადი ოქროს მედლების მფლობელი. აგრეთვე, უამრავი წოდების, ჯილდოსა და მედლის მფლობელია ქალბატონი ნონა. ცალკე აღსანიშნავია ანდრია დადიანის, როგორც გამოჩენილი მოჭადრაკის, უდიდესი ღვაწლი ჭადრაკის პოპულარიზაციის საქმეში. იგი მონაწილეობდა და იმარჯვებდა ევროპაში გამართულ მაღალი დონის ტურნირებში, 1903-1904 წლებში იყო მონტე- კარლოს ტურნირის პრეზიდენტი და ა. შ. ვიმოქმედოთ ერთად ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს კემულარია.
ლავრენტი კემულარია იმედოვნებს, რომ სათანადო ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელია მისი იდეის განხორციელება.