არჩილ თალაკვაძე: გვიხარია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით
“დღემდე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნებულიყო სახლში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გვიხარია, რომ უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და გააგრძელებს თავის საქმიანობას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებას ადამიანის, ადამიანური ღირებულებების მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პრინციპულად ყველა საერთაშორისო ფორმატში იმ შემთხვევების წამოწევას და იმ პრობლემების წამოწევას, რომელიც ოკუპაციას ახლავს თან.
იყო წარსულში გატაცების ფაქტები, იყო უმძიმესი დარღვევები ადამიანის უფლებების და სიცოცხლის ხელყოფის, რაც მიუთითებს, რომ ეს კონფლიქტი, არ არის გაყინული კონფლიქტი. ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს კონფლიქტი გრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში იწვევს პრობლემებს, რომლებიც ეხებათ ადამიანებს და რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.