დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს. მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ის ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად შეხვდება, მშობლიურ გარემოში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენთან ერთად გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო და დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი არის საკუთარ ოჯახში.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება მოხდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის ფორმატი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით არ გვქონდა წამოწეული ბატონი ვაჟას უკანონო ტყვეობის საკითხი. იყო გამოყენებული სხვადასხვა ფორმატები – ეუთო-ს მინისტერიალი, უშიშროების საბჭოს ფორმატი, ასევე მუდმივი კომუნიკაცია იყო სხვადასხვა არხით ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. მას შემდეგ, რაც იგი უკანონო ტყვეობაში იყო, ჩვენ ყველა მცდელობა და ღონისძიება განვახორციელეთ, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, იყო გამართლებული. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები იყოს თავიდან აცილებული”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.