ნინო ბურჯანაძე: რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი უნდა შევთავაზოთ
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ნორმანდიულ ფორმატზე” საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა არსებითი ფორმატის შენარჩუნება შესაძლებელია.
“არაერთგზის მითქვამს, რომ შესაძლებელია შენარჩუნდეს ყველა არსებითი ფორმატი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ პარტნიორების მხარდაჭერაზე და თანადგომაზე, როცა მე რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ვსაუბრობ ხოლმე, არასოდეს ვამბობ იმას, რომ მარტო ოსეთს უნდა ველაპარაკოთ და დასავლეთთან გავწყვიტოთ ურთიერთობები, ან დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ უნდა გვქონდეს. ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არ უნდა შევთავაზოთ, არამედ უნდა შევთავაზოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებას. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმას, რომ ამ ტიპის ფორმატს რუსეთის ხელისუფლება დათანხმდეს, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ეს არის მკვდარშობილი იდეა, მცდელობა, აჩვენონ, თითქოს, რაღაცას საერთაშორისო არენაზე აკეთებ. თუ რეალურად უნდა ქალბატონ სალომეს ან ამ ხელისუფლებაში ვინმეს, რომ დაიწყოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ახალი ეტაპი, ამას სჭირდება პირდაპირი დიალოგისადმი მზადება. დიახ, დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, დიახ, დიალოგი არ ნიშნავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე უარის თქმას. არ საუბარი, დიალოგზე უარის თქმა, რაღაცა ფორმატების გამოგონება, წინასწარ ვიცით, რომ რუსეთისგან უარყოფილი იქნება, ეს ნიშნავს დათმობას და იმ სტატუსკვოს შენარჩუნებას, რომელიც აწყობს რუსეთს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ძალა, ყველა ხელისუფლება, ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დღეს არ იღწვის იმისათვის, რომ გაიხსნას პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და შენარჩუნდეს ის სტატუსკვო რომელიც არის, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ აყოვნებს საქართველოს პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები არაფრის მომცემია, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.