დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.
დავით ზალკალიანმა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სატელეფონო საუბრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გაცვალონ.