ნინო ლომჯარია: გარდაცვლილის დედას აქვს ჩვენება მიცემული, რომლითაც დასტურდება არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა
გარდაცვლილის დედას აქვს ჩვენება მიცემული, რომლითაც დასტურდება არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
„ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილის დედას აქვს ჩვენება მიცემული, რომლითაც დასტურდება არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. სხვა პირებიც ადასტურებენ ამ ფაქტს, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ამ საქმეში. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიციაში მომხდარზე, არამედ სხვა ძალიან საეჭვო გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, ამ მიმართულებითაც იმედი მაქვს, ობიექტურად წარიმართება გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.