ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, ვაჟა გაფრინდაშვილის თემით ერთგვარად ივაჭროს საქართველოს ხელისუფლებასთან
ვფიქრობ, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, ვაჟა გაფრინდაშვილის თემით ერთგვარად ივაჭროს საქართველოს ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანალიტიკოსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ თითქოს დამოუკიდებელია, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და უნდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით ერთგავარად ივაჭროს საქართველოს ხელისუფლებასთან. რა ინფორმაციასაც ვფლობ, ოსური მხარე ძალიან გაღიზიანებულია იმით, რომ ქართულმა მხარემ სოფელ წნელისთან დააყენა პოლიციის ბლოკპოსტი, რომელსაც სიტუაციის გართულება მოჰყვა.
ამის შემდეგ ისინი მუდმივად აკეთებენ ამ თემაზე აქცენტირებას. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, ხომ არ ხდება ამის დაკავშირება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხთან, რომ ქართულ მხარეს დაუყენონ მოთხოვნა, აიღონ ბლოკპოსტი და სამაგიეროდ გაათავისუფლონ გაფრინდაშვილი.
თუ ე.წ. სასამართლომ ის ცნო დამნაშვაედ ე.წ. საზღვრის კვეთაში, მას ემუქრება 2 – წლიანი პატიმრობა. 2 წლის განმავლობაში ადამიანს იქაურ ციხეში ყველაფერი შეიძლება უქნან. არ არის გამორიცხული, მათ გარკვეული გარიგება შესთავაზონ თბილისს.
საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც აკეთებს. მას შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია, დაუკავშირდეს შესაბამის მისიებს, საელჩოებს, ორგანიზაციებს. ამის იქით არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საოკუპაციო ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში დასდო ბრალი.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ სოფელ წნელისის მიდამოებში ქართული პოლიციის აქტიურობაა გაზრდილი და დეკემბრის დასაწყისიდან მათი ყოველდღიური როტაცია ხდება, ასევე ხდება ტაქტიკური გეგმის რეალიზება, რომელიც უკავშირდება 903.2 სიმაღლეზე საფორტიფიკაციო წერტილის შექმნას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით: “სამხრეთ ოსეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს”
“პარალელურად საქართველოს შსს ახორციელებს სნაიპერული პოზიციების და სათვალთვალო პოსტების აღჭურვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ კომიტეტის განცხადებით: “სასაზღვრო აპარატურამ დააფიქსირა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემთხვევებიც, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოები, მათ შორის ღამითაც.”
ე,წ კომიტეტის განცხადებით, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს საზღვრის სასიგნალო ბარიერების გააქტიურების გახშირებული ფაქტები.
საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით:”მომიტინგეებმა მოითხოვეს არა მარტო პატიმრის გათავისუფლება, არამედ წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნებიც, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის საზღვრის განადგურებისკენ.”
ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ КГБ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, რომელიც მათი თქმით: “უგულვებელყოფს კრიზისული სიტუაციების მოგვარების დიპლომატიურ ფორმებს და მეთოდებს და წარმოადგენს რეგიონალურ უსაფრთხოებისთვის საფრთხეს, რომელსაც ახლო მომავალში შეუძლია გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია და არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე ინციდენტების წინაპირობების შექმნა.”
თამუნა შეყილაძე