ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ
ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გათავისუფლებულები საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.
“ჩვენი მეზღვაურები ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს, ჩვენი საელჩო ადგილზე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, მეზღვაურები ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
კონსტანტინიდის თქმით, მეზღვაურებს ბოლოს ნავთობის უკანონო შეტანა ბრალდებოდათ, რისთვისაც მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული. მათ აღნიშნული ბრალდებაც მოეხსნათ.