ბექა დავითულიანი: კუხიანიძეზე გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს, მას შემდეგ, რაც ამ სპექტაკლს ეს ადამიანები დაასრულებენ

​ერეკლე კუხიანიძეს გავაგდებთ მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ არ გაგაგდებინებთ, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც “ქართული ოცნების” დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

“კუხიანიძეს გავაგდებთ მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ არ გაგაგდებინებთ. კუხიანიძის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობა პირველივე დღიდან კატეგორიულად ემიჯნება. ეს იყო ნამდვილად ცუდი და არასწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მისი თანამდებობიდან მოხსნას, ამაზე გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობა მიიღებს, მას შემდეგ, რაც ამ სპექტაკლს ეს ადამიანები დაასრულებენ”, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები